უკრაინის საზღვართან ვითარება სულ უფრო იძაბება | 21.02.2022

უკრაინის საზღვართან ვითარება სულ უფრო იძაბება. უკვე რამდენიმე დღეა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სროლა არ წყდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბოლო ერთ დღეში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს. სროლის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით რუსმა გენერლებმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება უკვე მიიღეს. მათივე ცნობით რუსეთს მზად აქვს უკრაინელი მოქალაქეების სიაც, რომლებსაც უკრაინაში შეჭრის შემტხვევაში მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან.

საომარი მოქმედებების მიუხედავად დასავლეთი კონფლიქტის დოპლომატიური გზით მოგვარებას ისევ ცდილობს.  თეთრი სახლის ინფორმაციით ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას დატანხმდა იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება. ამ საკითხს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლაროვი მიმდინარე კვირას დაგეგმილ შეხვედრაზეც განიხილავენ. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მზად არიან როგორც დიპლომატიისთვის, ისე სწრაფი და მკაცრი სანქციების დაწესებისთვისაც.

დეესკალაციის მისაღწევად რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან მოლაპარაკებებს განაგრძობს საფრანგეთის პრეზიდენტიც. ემანუელ მაკრონი გუშინ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, რის შემდეგაც სატელეფონო საუბარი ვლადიმერ ზელენსკისთანაც გამართა. ელისეს სასახლის ინფრომაციით მაკრონი და პუტინი უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვაზე შეთანხმდნენ. საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლები იქნებიან. შეხვედრის მიზანი კი ყველა მხარის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების აღება იქნება.

რუსეთს დიპლომატიური გზის არჩევისკენ მოუწოდებს  ნატო და ევროკავშირი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვს მკაცრი სანქციები ემუქრება. ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთთან მოლაპარაკებების გაგძელებას მხარს უჭერს და თვლის, რომ უკრაინაზე თავდასხმის აღსაკვეთად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.  ევროკომიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კი ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსკოვს სანქციები დაუწესდება, მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებსა და მნიშვნელოვან საექსპორტო საქონელზე წვდომა შეუწყდება.

უკრაინის საზღვართან რუსეთისა და ბელარუსის ჯარების ერთობლივი  წვრთნები გუშინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა კვლავ გრძელდება და რუსეთს ჯარები ამ დრომდე არ გაჰყავს.  ბელარუსის თავდაცვის უწყებაში წვრთნების გაგრძელების მიზეზად რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან “სამხედრო აქტივობის გაზრდას” და “სიტუაციის ესკალაციას” ასახელებენ.  ამერიკის შეეთებულ შტატები და ნატო  კი დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს და საზღვრიდან ჯარები  ამიტომ არ გაჰყავს.