ეუთო/ოდირი ხაზგასმით ითხოვს ინსპექტორის გაუქმებაზე ცვლილებები შეჩერდეს. საერთაშორისო ორგანიზაციის ამ დასკვნაზე დღეს მედიასთან სახალხო დამცველმა ისაუბრა. დასკვნაში, რომელიც ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე მომზადდა, ეუთო/ოდირი პარლამენტმისგან მიღებული კანონის გაუქმებას ან შეჩერდებას, ასევე მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორისთვის და მოადგილეებისთვის უფლებამოსილების შენარჩუნებას ითხოვს. ეუთო/ოდირი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება იყო ნაჩქარევი და არ სდევდა არანაირი წინასწარი კონსულტაციები.
სახალხო დამცველი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. სასამართლოს ეუთო/ოდირის დასკვნა უკვე გადაეგზავნა. ნინო ლომჯარიას თქმით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის სულ მცირე ხარისხი მაინც შერჩა, მაშინ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც ქვეყანას ზიანს არ მოუტანს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი საქართველოში ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას შემაშფოთებელს უწოდებს. მისი თქმით, ფუნდამნეტური ინსტიტუტი, რომელშიც ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო, სიფრთხილით და გამჭვირვალობით მოპყრობას საჭიროებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც, 2019 წელს შეიქმნა, გასული წლის დეკემბერში “ქართულმა ოცნების” მიერ მიღებული კანონით გაუქმდა. კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა დროში დაემთხვა ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნას. თოლორაიამ “ოცნების” ეს ნაბიჯი, უწყების მიერ მიღებულ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს დაუკავშირა, მათ შორის ინსპექტორის მიერ, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ძალადობრივი ეტაპირების კადრების გავრცელებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც პენიტენციურ სისტემას, ასევე იუსტიციის სამინისტროს ჯარიმა დააკისრა.