რუსი სამხედროების მიერ უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი კლინიკაში გარდაიცვალა. გასული წლის 16 ნოემბერს ბესტაევი ცხინვალის ციხიდან თბილისში უგონო მდგომარეობაში გადმოიყვანეს. ის ჯერ ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩებოდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ის კლინიკა „რედში“ გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
გენადი ბესტაევი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა. ის საოკუპაციო ძალების მიერ 5-ჯერ იყო დაკავებული. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლო მას ე.წ. საზღვარის უკანონო კვეთას ედავებოდა, სინამდვილეში კი ბესტაევის სახლის ეზოში მავთულხლართები გადის, რის გამოც მას რუს სამხედროებთან კონფლიქტი ხშირად მოსდიოდა.