ჯანდაცვის სფეროს წარმომადგნლები მეექვსე ტალღის პიკის დასრულებაზე საუბრობენ | 15.02.2022

პრემიერ-მინისტრის ანტივაქსერული განცხადება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გააკეთა დღესაც განხილვის მთავარი თემაა. საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მედიასთან განმარტებების გაკეთება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მოუხდა. ამირან გამყრელიძის მტკიებით,  პრემიერის გუშინდელი განცხადება, რომ ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო. გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დღეს ვირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღი სწორედ ვაქცინაციაა.  აცრა, რომ ომიკრონთან ბრძოლაში  მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამას ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგნლები  მეექვსე ტალღის პიკის დასრულებაზე საუბრობენ.  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მიუთითებს, რომ პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა.  კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა შემთხვევების კლებას ვარაუდობს ამირან გამყრელიძეც.

ქვეყანაში კორონავირუსით  ინფიცირებულთა რიცხვი ისევ  მაღალია.  ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირებების შედეგად, ინფექცია 19 049 პირს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა რიცხვს კიდევ 51 ადამიანი შეემატა.  განახლებული მონაცემები მოიცავს, როგორც ორშაბათის, ასევე კვირა დღის შემთხვევებს, რომლებიც სპეციალურ ვებ-გვერდზე ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ აიტვირთა.