მაშინ, როცა ქვეყნის მთავარი გამოწვევა კორონავირუსის პანდემიაა, პრემიერი ამბობს, რომ ომიკრონის უმეტეს შემთხვევაში, ვაქცინა არ მუშაობს. ღარიბაშვილმა ამით მწვანე პასპორტის გაუქმების გადაწყვეტილებაც ახსნა. 200 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევის მიუხედავად, მთავრობის მეთაური თვლის, რომ კოვიდპანდემიას ხელისუფლება კარგად მართავს.
ვაქცინა, რომ პანდემიის დასაძლევად მნიშვნელოვანი ბერკეტია, ამას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ადასტურებს. თამარ გაბუნიას თქმით, ჰიპოთეტური მოსაზრებები არსებობს, თითქოს “ომიკრონის” ქვეშტამის გავრცელების სისწრაფე უფრო მაღალია, თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევია და ეპიდემიის მართვის კუთხით რეაგირების გეგმა არ იცვლება. როგორც „ომიკრონის“ ქვეშტამებზე საუბრისას გაბუნიამ აღნიშნა, მის გავრცელებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები უცვლელია- პირბადის ტარება და ვაქცინაცია.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ “ომიკრონის” შემთხვევების შედარებით შემცირების მიუხედავად, საფრთხე მაინც არსებობს. იმნაძე ამბობს იმასაც, რომ უკვე აღწერილია შემთხვევები, როდესაც ადამიანი ერთი თვის განმავლობაში “ომიკრონის” სხვადასხვა ვარიანტით დაინფიცირდა.
4 028 ახალი ინფიცირებული, 21 გარდაცვლილი და 22 517 გამოჯანმრთელებული – ასეთია კოვიდსტატისტიკა, რომელიც სპეციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათში ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ მათ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია არაზუსტია.
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე აცრა გაიკეთონ, რადგან “ბუსტერ” დოზას მაღალი დაცვა აქვს.