„ოცნების“ სასურველ კანდიდატებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს | 14.02.2022

პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ორ კანდიდატს, ემზარ გაგნიძესა და კოკა კაციტაძეს მხარი დაუჭირა. ორივე კანდიდატურას კენჭს ხვალინდელ პლენარულ სესიაზე უყრიან. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ოპოზიცია.  ამბობენ, რომ კაციტაძეც და გაგნიძეც, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნები არიან და მათი დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია. პარლამენტში მიმდინარე პროცესს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და დარწმუნებულია, რომ ახალი უწყების ხელმძრვანელი, რომელსაც “ქართული ოცნება” აირჩევს დამოუკიდებელი ვერ იქნება. თავად “ქართულ ოცნებას” კანდიდატების პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარება. ოპოზიციის ბრალდებები მათთვის მიუღებელია.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების შედეგად შეიქმნა. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პარლამენტმა 30 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმა. ოპოზიციამ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ლონდა თოლორაიას მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა, მმართველი გუნდი კი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ორი დამოუკიდებელი უწყება ადამიანის უფლებებს უკეთ დაიცავს.