დადგება თუ არა ქართველი სამართალდამცავების პასუხისმგებლობის საკითხი. კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა,რაც უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად ცნო. მეგობარი ქვეყნის საგამოძიებო უწყება, გამოძიებას მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე აწარმოებს. უკრაინის კანონმდებლობა ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში, უფლებას აძლევს საგამოძიებო უწყებას, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველ სამართალდამცველებს ურაინაში შესაძლოა ბრალი წარუდგინონ.
კვლავ დღის წესრიგში დგას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. მსჯავრდებული მის მიმართ განხორციელებული წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით თავად გამოვიდა. მესამე პრეზიდენტი ამბობს,რომ 8 ნოემბერს რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს. მაშინ სასჯელაღსრულების სამინისტრომ თქვა, რომ სააკაშვილის გადაყვანა მისი ნებით განხორციელდა. უწყებამ გადაყვანის პროცესის კადრებიც გაასაჯაროვა. ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სასწრაფო დახმარების მანქანიდან რამდენიმე ადამიანს ძალის გამოყენებით გადმოჰყავს და შეჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ასევე ჩანს, რომ მომხდარის გამო გაბრაზებული სააკაშვილი ბადრაგს ეჩხუბება და სამედიცინო ინვენტარს აზიანებს. მესამე პრეზიდენტი პენიტენციურ სამსახურს მასზე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაშიც ადანაშაულებს.