სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პრემიერის ცოლისთვის ტყის გადაცემის ფაქტზე გამოძიებას არ დაიწყებს. გამოძიების დაწყების მოთხოვნით სუს-ს ანტიკორუფციულმა მოძრაობამ მიმართა, თუმცა როგორც დღეს ორგანიზაციაში თქვეს, უწყებამ საქმეში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და გამოძიება არ დაიწყო. როგორც ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, სუს-მა სასამართლოს ფუნქცია შეითავსა და საპროცესო მოქმედებების ჩატარების გარეშე ღარიბაშვილის ოჯახი, ფაქტობრივად, უდანაშაულოდ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში პრემიერ-მინისტრის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწა სპეციალური სარგებლობის უფლებით, 49 წლით გადაეცა. ეროვნული სატყეო სააგენტოს მტკიცებით თამაზაშვილმა ტყის ფართობით სარგებლობის უფლება ელექტრონული აუქციონით მოიპოვა. სააგენტო ირწმუნება, რომ ამ აუქციონში მონაწილეობა ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეეძლო.