მართლმსაჯულების რეფორმა ჩავარდა, ხოლო საარჩევნო რეფორმა არასაკმარისია – საერთაშორისო პარტნიორები | 09.02.2022

“მართლმსაჯულების რეფორმა ჩავარდა, ხოლო საარჩევნო რეფორმა არასაკმარისია” ასეთია ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციისა და საერთაშორისო პარტნიორების  შეფასება პოლიტიკური სუბიექტების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების შესახებ. -ღია საზოგადოების ფონდმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ, “სამართლიანმა არჩევნებმა” და “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ” დოკუმენტში ხელმოწერილი  პირობების შესრულება პუნქტობრივად გააანალიზეს.   ორგანიზაციების შეფასებით, დღემდე გაურკვეველია, როგორ განვითარდება მოვლენები „ამნისტიის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან  დაკავშირებულ სამართალდარღვევებსა და დაკავებებს უნდა შეეხოს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, არცერთ პუნტქში არ არის შესრულებული პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების ვალდებულება. არასამთავრობო ოგანიზაციებს შეფასებებში ეთანხმება საქართველოში ევროკავშირის ელჩიც.

“ერთი მხრივ მოხარული ვარ იმ პროგრესის ხილვით, რისი მიღწევაც მოხდა, განსაკუთრებით გასულ ზაფხულში, შეთანხმებაში შემავალი პრინციპებისა და ვალდებულებების ნაწილთან დაკავშირებული წინსვლის კუთხით. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის სასარგებლო იყო. რაც შეეხება შეუსრულებელ საკითხებს, რჩება კითხვები მათთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რეფორმების ვალდებულებასთან დაკავშირებით, მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმის ვალდებულებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს საკითხები მნიშვნელოვან საკითხებად რჩება, რადგან ეს არის გზა, რომელიც საქართველომ უნდა შეინარჩუნოს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ძლიერი დემოკრატიული ქვეყნის შენება გააგრძელოს,” – ჰარცელი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შექმნილი  პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის გასულ წელს   საქართველოში ევროპული  საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოვიდა. ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან გამართული  მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შედეგად, მიშელმა  დოკუმენტი მოამზადა, რომელიც  19 აპრილის შეთანხემბით არის ცნობილი. შეთანხმება, შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას  ემსახურებოდა და რამდენიმე ამბიოციურ რეფორმას ისახავდა მიზნად.  დოკუმენტს ხელი ნაციონალური მოძრაობის გარდა, თითქმის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა. თუმცა გასული წლის  23 ივლის „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილება მიიღო და დოკუმენტიდან ცალმხრივად გავიდა. ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ნაციონალურმა მოძრაობამ დოკუმენტს ხელი მოაწერა.