შეეზღუდება თუ არა ოპოზიციას უფლებები ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში | 08.02.2022

პარლამენტის მიერ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს შესაძლოა საფრთხე შეექმნას.  ამ შემთხვევაში კვორუმის პრობლემა შეიქმნება და საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა ვეღარ მოგროვდება. კომისიის ფორმირებას სწორედ ბადრი ჯაფარიძის ერთი ხმა დააკლდება.

“ქართული ოცნება ოპოზიციისთვის პრობლემების შექმნას ცდილობს” – ასე აფასებენებ ოპოზიციონერი დეპუტატები  ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეუწყვეტის შესაძლო საკითხს.  დეპუტატები ამბობენ, რომ მანდატების დაკარგვის შემთხვევაში მათ საპარლამენტო ბერკეტის გამოყენების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის გარდა, ოპოზიცია პარლამენტში ანტიკორუფციული საგამოძიებო კომისიისა და 5-6 ივლისის მოვლენების შემსწვლელი კომისიების შექმნასაც გეგმავს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეჩერებას მხარი გუშინ  დაუჭირა. “ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლად კონსტიტუციის ის ნორმა დასახელდა, რომლის მიხედვითაც,  თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ არის ცნობილი, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ასევე  შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასაც, მიზეზად კი საპარლამენტო სხდომების არასაპატიო გაცდენები დაასახელეს.  პარლამენტი გადაწყვეტილებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.