გაზრდილი კომუნალური გადასახადები და გაძვირებული ცხოვრება – სემეკი საპროტესტო აქციების ეპიცენტრში | 08.02.2022

სემეკი დღეს  და საპროტესტო აქციების ეპიცენტრი იყო. პოლიტიკური პარტიების წევრებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფები და  ზედმეტობით დარიცხული გადასახადები გააპროტესტეს.

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ სემეკს, “თელმიკოსა” და “თელასში” მიმდინარე მონიტორინგის პროცესში პარტიის წარმომადგენლის ჩართვის თხოვნით მიმართა. მათ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში წერილობითი განცხადებაც დატოვეს.

იმ ფონზე როდესაც მოსახლეობას ცხოვრება ყოველდღიურად უძვირდება, კომუნალური გადასახადების გადახდას კი ვეღარ ახერხებენ, სემეკის ხელძღვანელი პირები მაღალ ანაზღაურებასთან ერთად დიდი ოდენობით პრემიებს იღებენ. ანტიკორუფციული მოძრაობა დოკუმენტებს ასაჯაროებს, სადაიდანაც ირკვევა, რომ  2021 წელს სემეკის ხუთმა წევრმა ანაზღაურების სახით ჯამში 1 050 849 ლარი აიღო. მოძრაობა კორუფციულ დანაშაულზე საუბრობს და  იმ ხელშეკრულებების გასაჯაროპებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი ხდება.

კომპანია თელმიკოს წინააღმდეგ დღეს მთავარ პროკურატურაში საჩივარიც შევიდა. ზედმეტობით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით მოძრაობა “სოლიდარობის” იურისტებმა შოთაძის უწყებას  გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს. ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში გაორმაგებულ გადასახადებთან დაკავშირებით, მათ დახმარების თხოვნით არაერთმა მოქალაქემ მიმართა.  იურისტები თაღლითობაზე საუბრობენ და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ “თელასსა’’ და ‘’თელმიკოში’’ მონიტორინგი გუშინ დაიწყო.   შემოწმების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში როდესაც მარეგულირებელ კომისიაში ასობით მოქალაქის საჩივარი შევიდა დეკემბრისა და იანვრის თვეში ელექტროენერგიაზე გაორმაგებული და გასამმაგებული გადასახადების მისვლის თაობაზე. რევიზიის ჯგუფმა უნდა დააადგინოს რამდენად სწორად არის დარიცხვები გაკეთებული, და ხომ არ იკვეთება დადგენილ წესებთან შეუსაბამობა. მონიტორინგის პროცესი 3 მარტამდე გაგრძელდება და შემდეგ დასკვნა კომისიას წარედგინება.