ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა. 50 მხარდამჭერი ხმის მოგროვების შემთხვევაში შეიქმნება კომისია, რომელმაც საპატიმრო დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობის და წამების ფაქტები უნდა შეისწავლოს.
ხანგრძლივი ბოიკოტის შემდეგ, საპარლამენტო საქმიანობას “ნაციონალური მოძრაობა” სწორედ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოტივით დაუბრუნდა. ამბობენ, რომ კომისიის შექმნის ბერკეტი პარლამენტმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ექსპრეზიდენტის თანაგუნდელების ინფორმაციით, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ირგვლივ კომისიის შექმნის საკითხი განიხილება უკრაინის რადაშიც.
“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას პარლამენტში 30 დეპუტატი ჰყავს. მათ კომისიის შექმნისთვის ოპოზიციონერი კოლეგების მხარდაჭერა სჭირდებათ. უკვე ცნობილია, რომ ინიციატივას მიესალმებიან პარტია “ლელოში” და “სტრატეგია აღმაშენებელში”. კომისიის შექმნას გარკვეული პირობით დათანხმდება “გირჩი”.
საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერენ პარტია “მოქალაქეები” და გახარიას პარტია.
“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოსაძიებელი არაფერია,” – ასე პასუხობს ოპოზიციონერ კოლეგებს “ქართული ოცნება”. მმართველი გუნდის შეფასებით, კომისიის შექმნის ინიციატივა იყო საბაბი ნაციონალური მოძრაობისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებულიყვნენ. უმრავლესობის ლიდერები ირწმუნებიან, რომ სააკაშვილი წამების მსხვერპლი პატიმრობის არცერთ ეტაპზე არ გამხდარა.
მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ განხორციელებული წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით თავად გამოვიდა. მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ 8 ნოემბერს რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს. მაშინ სასჯელაღსრულების სამინისტრომ თქვა, რომ სააკაშვილის გადაყვანა მისი ნებით განხორციელდა. უწყებამ გადაყვანის პროცესის კადრებიც გაასაჯაროვა. ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი სასწრაფო დახმარების მანქანიდან რამდენიმე ადამიანს ძალის გამოყენებით გადმოჰყავს და შეჰყავთ სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ასევე ჩანს, რომ მომხდარის გამო გაბრაზებული სააკაშვილი ბადრაგს ეჩხუბება და სამედიცინო ინვენტარს აზიანებს. მესამე პრეზიდენტი პენიტენციურ სამსახურს მასზე სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაშიც ადანაშაულებს, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო. ლონდა თოლორაიას უწყებაში დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ სააკაშვილთან დაკავშირებული კრიტიკული დასკვნა გახდა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების მთავარი მიზეზი.