სააკაშვილის მიმართვა ივანიშვილს სასამართლო დარბაზიდან – მესამე პრეზიდენტის მოთხოვნა | 04.02.2022

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა  სხდომის დასაწყისში მოსამართლეს სთხოვეს, მსჯავრდებულს დარბაზში, ადვოკატების გვერდზე გადაენაცვლებინა და დღევანდელი სასამართლო  ისე გაგრძელებულიყო, თუმცა  მოსამართლე ამ მოთხოვნას არ დათანხმდა. სააკაშვილმა სიტყვით სარგებლონის უფლება ისევ შუშის ბარიერს მიღმა გამოიყენა.  მესამე  პრზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს  მიმართა და  უთხრა,  რომ თუკი მას ადექვატური მკურნალობის საშუალება არ მიეცემა,  ქვეყნის არაფორმალურ მმართველს  პასუხის გაცემა საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე  მოუწევს. სააკაშვილის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ  ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის მიუხედავად, მასთან პირად ექიმს არ უშვებენ.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, სასამართლო პროცესზე, რომელიც მისი საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საქმეს ეხება, დღეს მხოლოდ მოკლე სიტყვის უფლებით  ისარგებლა. სააკაშვილი ფიქრობს, რომ  ქვეყანაში  პოლიტიკური პროცესები  მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ,  მთლიანად შეიცვალა.  ექსპრეზიდენტის შეფასებით, მისი ციხეში ყოფნის ხანგრძლივობა  დამოკიდებულია საზოგადოებაზე.

სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთის პრეზიდენტის  გეგმებზეც ისაუბრა.  მისი შეფასებით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის შანსი დაკარგა, თუმცა ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის ემზადება.

მიხეილ სააკაშვილის  მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.  საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.