„ის, რაც უკრაინაში ხდება, არის მოსკოვის გზავილი საქართველოსთვისაც“ – მსოფილო რუსეთ-უკრაინაზე | 04.02.2022

“როცა უკრაინაში მოვრჩებით, საქართველოს ჯერიც დადგება” – ეს არის კრემლის გზავნილი – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აცხადებს. ევროპელი დეპუტატი რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ ვითარებაზე და ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების  რეაგირებაზე საუბრობს. აუსტრევიჩუსი არ გამორიცხავს, რომ კრემლის შემდეგი სამიზნე საქართველო გახდეს, ვინაიდან მისი აზრით ის რაც უკრაინაში ხდება, არის მოსკოვის გზავილი საქართველოსთვისაც. ევროპარლამენტარი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის საგარეო პოლიტიკური კურსი არ არის ევროპული გზისკენ მიმართული, ვინაიდან მისი თქმით ქართული ე.წ. ლიდერშიფის განცხადებები და ქმედებები ევროპულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება.

“საქართველო რუსეთის პოლიტიკის მძევლად რჩებამძევლად ოკუპირებული ტერიტორიებისა. ვფიქრობ, ის რაც უკრაინაში ხდება, მოსკოვის გზავნილია საქართველოსთვის: როცა უკრაინას მოვრჩებით, თქვენი ჯერიც დადგება. შემდეგი შეიძლება საქართველო იყოს, შეიძლება სწორედ საქართველოს საზღვრებთან ვნახოთ რუსული დანაყოფების კონცენტრაცია და ეს შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდესუკრაინა საქართველოზე ლამის ათჯერ დიდია და, როგორც ჩანს, პუტინმა გადაწყვიტა, ჯერ ყველაზე დიდი და მსუყე ნაჭრით დაიწყოს. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, მმართველ პარტიაში არიან სხვადასხვა ადამიანები, რომელთაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მთლიანობაში, ვერ ვხედავთ მმართველი ძალის სრულ მზაობას, საქმე ევროპული გზისადმი ერთგულებით აკეთონ. ისინი აცხადებენ, რომ ევროკავშირი მათ დღის წესრიგშია, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს დღის წესრიგი ძალიან პოლიტიზებული და ინდივიდუალურია და არ შეესაბამება ევროპულ აღქმას, თუ როგორ უნდა კეთდებოდეს საქმე. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების საუკეთესო მაგალითი, რაც, თავის მხრივ, შიდა პოლიტიკისადმი ნდობას არ აძლიერებს. ვწუხვარ, მაგრამ მომიწევს თქმა, რომ ქართული .. ლიდერშიფის განცხადებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპულ პრაქტიკას,” – პეტრას აუსტრევიჩუსი.

უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის გეგმებზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვაც. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ კრემლი უკრაინაში შეჭრის საბაბს ეძებს და ამისთვის უკრაინელი ჯარისკაცების მხრიდან თავდასხმის ფაბრიკაციას გეგმავს. პენტაგონის და სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ პროპაგანდისტული ვიდეოს გავრცელებას განიხილავს. დადგმულ კადრებში კი  ნაჩვენები იქნება ყალბი აფეთქებები, რომლის სამიზნე რუსები არიან, ცხედრები, მგლოვიარე ადამიანები და უკრაინის და მისი მოკავშირე ქვეყნების სამხედრო აღჭურვილობა.  მსგავსი პროპაგანდით კი კრემლი ეცდება უკრაინაში პოტენციური შეჭრა გაამართლოს.

რუსეთ-უკრაინის საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან და ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს. ემანუელ მაკრონი მოსკოვში 7 თბერვალს ჩავა, 8-ში კი უკრაინელ კოლეგას მოინახულებს. საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს გუშინ ტელეფონითაც ესაუბრა. მაკრონის ადმინისტრაციის ინფორმაციით მოლაპარაკებების თემა დონბასის რეგიონის სტატუსის საკითხზე პროგრესის მიღწევა იყო.