უკიდურესად მძიმე ეპიდსიტუაცია ქვეყანაში | 03.02.2022

23 664 ინფიცირებული და კიდევ 42 გარდაცვლილი ადამიანი – ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უკიდურესად მძიმეა. ომიკრონის შტამის სწრაფი გავრცელების გამო დადებითობის დღიური მაჩვენებელი უკვე 30%-ს გადასცდა. ინფიცირებულთა ზრდის ფონზე  კოვიდპაციენტებს უკვე ოჯახის ექიმთან დაკავშირება უჭირთ. ქვეყნის მტავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ თუ ივლისამდე მოსახლეობის 70% არ აიცრება, ქვეყანა პანდემიას ვერ შეაჩერებს. ჯანდაცვის სამინისტროში დღეს იმუნიზაციის საბჭო გაიმართა, რომელზეც 2022 წლის გეგმა განიხილეს. შეხვედრაზე საკომუნიკაციო კამპანიის გაძლიერებაზე და იმუნიზაციის წახალისების პროგრამაზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა ბუსტერ დოზით აცრაზე, ვინაიდან ეპიდემიოლოგების თქმით, ომიკრონის შეკავების ყველაზე ძლიერი ფაქტორი მესამე აცრაა.

კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობა გაზრდილია ბავშვთა კლინიკებში. ექიმები კლინიკებში თავისუფალი საწოლების პრობლემაზე საუბრობენ.

ქვეყანაში შექნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები. ისინი პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის უწყებას ვაქცინაციის ცავარდნაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მთავრობას მოსახლეობის ჯანმრთელობა არ აინტერესებს. ექსპერტები ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის მატებას ისევ ელოდებიან, ვინაიდან მათი თქმით, ქვეყანაში კოვიდრეგულაციებიც აღარ არსებობს.

მძიმე ეპიდვითარების ფონზე საქართველოში ვაქცინაციის ტემპი სულ უფრო იკლებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში მხოლოდ 5 411 აცრა ჩატარდა. საერთო ჯამში კი სრულად ვაქცინირებული ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 42,6%-ია.