„მხარი დაუჭირე უკრაინას“ – პარლამენტთან უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. საქართველოს მოქალაქეებმა, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას მოაწერეს ხელი. ამბობენ, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, მნიშვნელოვანია საზოგადოების ხმა ისმოდეს. პეტიცია, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად შემუშავდა, ონლაინ ფორმატშიც ხელმისაწვდომია და სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციისგან განსხვავებით, სოციალურ მანიფესტში საზოგადოება რუსეთის სამხედრო ესკალაციას გმობს და ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგული რჩება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრები. ოპოზიცია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილება მიიღოს და უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის აგრესია დაგმოს.
თუ პარტია „დროას“ მიერ გამოქვეყნებული პეტიცია 10 000 ხელმოწერას შეაგროვებს, დოკუმენტი პარლამენტში დარეგისტრირდება და მმართველი პარტია იძულებული გახდება განიხილოს პროექტი, სადაც რუსული სამხედრო აგრესია მკაფიოდ არის დაგმობილი. აქცია-პერფორმანსს დღეს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ. ამბობენ, რომ ქართული საზოგადოება მეგობარი ქვეყნის მიმართ სოლიდარულია და მოქალაქეებს კარგად ესმით, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს უსაფრთხოებას.
უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება. ხელისუფლებსი ოპონენტები არ ეთანხმებიან “ქართული ოცნების” მიერ შემუშავებულ ტექსტს, რომელშიც რუსეთის აგრესია ნახსენები არ არის. ოპოზიცია მმართველ პარტიას აკრიტიკებს და რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი უკვე სამი დღეა რაც განხილვის საგანია. მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ ტექსტში არსადაა ნახსენები რუსეთი და მისი აგრესია, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. შეთანხმდება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე უცნობია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქვეყანამ მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერი ადეკვატური დოკუმენტი მიიღოს.