ბაიდენმა ზელენსკი გააფრთხილა – აშშ-ის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას | 28.01.2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი გუშინ სატელეფონო საუბრისას გააფრთხილა. ბაიდენი მიიჩნევს, რომ რუსეთის იკრაინაში შეჭრის აშკარა შესაძლებლობა არსებობს და თავდასხმა შესაძლოა მაშინ მოხდეს, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე თებერვალში მიწა გაიყინება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში. მან ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ამერიკელ კოლეგას სამხედრო მხარდაჭერითვის მადლობა გადაუხადა. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი საათი და 20 წუთი გაგრძელდა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრას დასავლეთისგან მტკიცე პასუხი მოჰყვება, მათ შორის შეჩერდება პროექტი ჩრდილოეთ ნაკადი ორი. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბრიფინგზე ამერიკის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხზეც ისაუბრა და თქვა, რომ დოკუმენტში მკაფიოდ არის გამოხატული შეშფოთებები, მათ შორის რუსეთის მიერ საკუთარი მეზობლების სუვერენიტეტის დარღვევის გამო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ისევ ირწმუნება, რომ  რუსეთს ომი არ სურს, თუმცა იქვე სერგეი ლავროვი ამბობს, რომ კრემლის ინტერესების ფეხქვეშ გათელვას  და მის იგნორირებას არ დაუშვებენ. ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-ისა და ნატო-სგან წერილების მიღების შემდეგაც არ იცვლის საკუთარ პოზიციებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

რუსეთი უკრაინაში შეჭრის გეგმას უარყოფს, თუმცა უკრაინის საზღვართან სამხედრო ტექნიკის მობილიზებას ისევ აგრძელებს. კრემლი სამხედრო დანაყოფების მობილიზებას სასწავლო წვრთნებით ხსნის.  რუსეთი ერთობლივ წვრთნებს ახორციელებს მოკავშირე ბელორუსთან ერთადაც. სამხედრო შენაერთები ბელარუსის სამხრეთ საზღვართან ახლოს მდებარე ტერიტორიებზე იმყოფებიან, საიდანაც  კიევი დაახლოებით 75 კილომეტრშია. ეს კი დასავლეთს უჩენს ვარაუდს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.