ციფრებში ასახული ქვეყნის მძიმე რეალობა – NDI-ის ახალი კვლევის შედეგები – რას ფიქრობს მოსახლეობა | 27.01.2022

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” მოსახლეობის გამოკითხვის ახალ შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.ეკონომიკური სიდუხჭირე მოსახლეობისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა. კვლევის თანახმად, მოსახლეობა ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პრობლემებად უმუშევრობას, ფასების ზრდასა და სიღარიბეს ასახელებს.  მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ.  ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა. მოქალაქეების პრიორიტეტები პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით არ იცვლება. სიღარიბის აღქმა უარესდება მათ შორის მმართველი პარტიის მხარდამჭერებშიც. „ქართული ოცნების“ მომხრეთა 51% თვლის, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი გაუარესებულია.

მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. გამოკითხულთა 51% თვლის, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. რაც შეეხება ოპოზიციას – გამოკითხულთა 53% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. მოსახლება უკმაყოფილოა მთავრობის მუშაობითაც. პრემიერ-მინისტრის მიმართ ხალხის უკმაყოფილება ისტორიულ მაქსიმუმზეა. ქვეყნის მოსახლეობის 35% ღარიბაშვილის მუშაობას უარყოფითად აფასებს. პრეზიდენტის საქმიანობით უკმაყოფილოა გამოკითხულთა 46%. ისინი არც პარლამენტისადმი არიან ოპტიმისტურად განწყობილნი და ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს.

არსებული პოლარიზაციის ფონზე, საქართველოს მოქალაქეები პარტიებს შორის თანამშრომლობას ითხოვენ. 80% ფიქრობს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მისთვის მიუღებელი იყოს. პარტიათაშორისი თანამშრომლობა მოქალაქეებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სიმპატიების მიუხედავად.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კვლევაში ყურადღება გამახვილებულია კოვიდპანდემიაა. კორონავირუსის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება: მოსახლეობის 42% არ აპირებს აცრას. მხოლოდ 25% ამბობს, რომ აიცრებოდა, 29% კი აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა.  ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34% ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით კვლევა,  კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა. ყველა ინტერვიუ სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით აიღეს, რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები  ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ჩატარდა. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია,  ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. საშუალო ცდომილების ზღვარი კი  +/- 1.3%-ია.