“ნუ ძალადობ”, “მწამებელი სისტემა”, “არა მილიციას” – ამ ლოზუნგებით ოპოზიის ლიდერები და საქმოქალაქო აქტივისტები პოლიციელების მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ . ამბობენ, რომ ცალკეული პოლიციელების დაკავება პრობლემას ვერ მოაგვარებს, რადგან სისტემური ცვლილებებია საჭირო. ისინი სისტემურ პრობლემაზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს- ვახტან გომელაურს აკისრებენ.
დედაქალაქის პარალელურად, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ზუგდიდში. მოქალაქეებს ბორდიურებზე წარწერის გაკეთება სურდათ, რისი უფლებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. რამდენიმე მათგანს პოლიციამ პულივიზატორები ჩამოართვა და განუმარტა, რომ წარწერის გაკეთება სამართალდარღვევაა.
სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა სისტემური დანაშაული გააპროტესტეს ბათუმშიც. აჭარის მთავრობის სახლთან მოძალადე პოლიციელების უმკაცრესად დასჯა და ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს. ამბობენ, რომ ხელისუფლება მოქალაქეებზე სისტემურად ძალადობს და ამის მაგალითი პოლიციის თანამშრომლის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირზე ძალადობაა. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სისტემური ძალადობა კარგად გამოჩნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართაც.
ქვეყანაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ არასრულწლოვანზე. ვიდეო ერთ-ერთ მეტროსადგურშია გადაღებული. ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირი იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა. ძალადობაში მონაწილე 2 სამართალდამცავი გუშინ, დააკავეს.