“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, “ოცნების” მაღალჩინოსნის კომპანიამ 8-სართულიანი კორპუსი ნებართვის გარეშე ააშენა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, მიწა მერიის დოკუმენტებში სარეკრეაციო ზონადაა მონიშნული, თუმცა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ, ლევან სინჯიკაშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა, გია ჩირაღიშვილმა კორპუსი ნებართვის გარეშე ააშენეს. ლევან ხაბეიშვილი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს. ვარკეთილში უკანონო მშენებლობას ადასტურებს დედაქალაქის მერიაც. ამბობენ, რომ კომპანია არაერთხელ დაჯარიმდა, მთლიანობაში ჯარიმების თანხა კი 575 000 ლარს შეადგენდა. დაიწყება თუ არა ფაქტზე გამოძიება, ამ ეტაპზე უცნობია.