უკრაინა რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის მოლოდინშია. ნატო-ს კი შეიარაღებული ძალები სამხედრო მზადყოფნის რეჟიმზე გადაჰყავს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო დანაყოფების ზრდის ფონზე ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებს გზავნის. ალიანსის ინფორმაციით დანია ლიეტუვაში ოთხ „F-16“ ტიპის გამანადგურებელს გზავნის, ესპანეთი ნატო-ს საზღვაო ძალებისთვის გემის გადაცემას გეგმავს და ბულგარეთში გამანადგურებლების გაგზავნას განიხილავს. საფრანგეთმა რუმინეთში შეიარაღებული ძალების გაგზავნის მზადყოფნა გამოთქვა, ნიდერლანდები ბულგარეთში ორ „F-35“ ტიპის გამანადგურებელს გაგზავნის და ამასთან, მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავს სამხედრო გემები და შეიარაღებული ძალები.
აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის, სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების გაგზავნასაც აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. რუსეთ- უკრაინის საკითხი ჯო ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრისას განიხილა. The New York Times-ი ბაიდენის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ჯო ბაიდენს, აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპაში გადასროლის რამდენიმე გეგმა წარუდგინეს. ერთ-ერთი ვარიანტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 1 000-დან 5 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას ითვალისწინებს.
კიევმა ვაშინგტონისგან სამხედრო დახმარების მორიგი პარტიაც უკვე მიიღო. გუშინ ღამით ამერიკულმა თვითმფრინავმა უკრაინაში 80 ტონაზე მეტი იარაღი ჩაიტანა. ერთი დღით ადრე კი ამერიკიდან უკრაინაში კიდევ 90 ტონა სამხედრო დანიშნულების ტვირთი ჩავიდა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს ქვეყნის დატოვების მითითება მისცა. გაზრდილი საფრთხეების გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გასცა უკრაინის დატოვების ნებართვა საელჩოს თანამშრომლების ნაწილისთვის და მოუწოდა უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს, განიხილონ ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებას გეგმავს.
უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების გაყვანა დაიწყო დიდმა ბრიტანეთმაც. ევროკავშირი კი გადაწყვეტილების მიღებას ჯერ არ ჩქარობს. ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ვიდრე მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს ევაკუაციის დაწყება ნაჩქარევია. შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ნაადრევად მიიჩნევს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც.
ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით კრემლი უკრაინაში პრორუსი ლიდერის მოყვანას გეგმავს. პოტენციურ კანდიდატად კი ყოფილი უკრაინელი დეპუტატი, ევგენი მურაევი განიხილება. ბრიტანეთის საგარეო უწყება კიდევ არაერთ ყოფილ უკრაინელ მაღალჩინოსანს ასახელებს, რომლებსაც კონტაქტი აქვთ რუსეთის დაზვერვის იმ ოფიცრებთან, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში არიან ჩართულნი. თავად ევგენი მურაევი გავრცელებულ ინფორმაციას სასაცილოს და აბსურდს უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ბრიტანეთს მოუწოდებს შეწყვიტოს სისულეების გავრცელება და პროვოკაციული ქმედებები.