უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე სენატორი საქართველოს გაერთიანებისკენ მოუწოდებს. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ ქვეყანამ ეს მომენტი გასაერთიანებლად უნდა გამოიყენოს საკუთარი ხალხის კეთილდღეობისთვის. მიმდინარე კვირას კიევში ამერიკის ექვსი სენატორისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი იმყოფებოდა. კიევიდან დაბრუნების შემდეგ, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ორპარტიული დელეგაციის მიზანი იმის მკაფიოდ განცხადება იყო, რომ საჭიროა გადამწყვეტი მოქმედება რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად.
“რუსეთის აგრესიის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია უკრაინაზე, მაგრამ მისი მავნე საქმიანობა, რომელიც უთანხმოებისა და განხეთქილების დათესვას ემსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი ქვეყნით. ჩვენ ვნახეთ პუტინის საშიში ქცევა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში. რუსეთის მხრიდან განახლებული აგრესიის ფონზე, ჩვენს არსენალში უდიდესი რამ ის არის, რომ პუტინს გამარჯვებაზე უარი ვუთხრათ ეროვნული ერთიანობის შენარჩუნებით როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მე მოვუწოდებ ორივე ქვეყანას, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული უთანხმოება და გამოიყენონ ეს მომენტი და გააერთიანონ თავიანთი ქვეყნები საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ,” – ჯინ შაჰინი.