პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად ორი საკონკურსო კომისია შეიქმნა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კომისიების შექმნის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. 1 მარტიდან ორი ახალი უწყება იქმნება. პრემიერმა იმ კრიტერიუმებზეც გაამახვილა ყურადრება რომლებსაც კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ.
ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის ფონზე, მმართველ პარტიაში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმებას ინსტიტუციურ გაძლიერებად აფასებენ. ოპოზიცია კი დღესაც ამბობს, რომ ხელისუფლებამ სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება, შურისძიების მოტივით მიიღო. რადგან მათი თქმით, ლონდა თოლორაიას უწყების დამოუკიდებელი საქმიანობა მმართველ გუნდს დისკომფორტს უქმნიდა.