პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობა დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა, ადვოკატებს კი, სისხლის სამართლის საქმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სანამ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებას არ დაასრულებს, უწყება მოკლებულია შესაძლებლობას, პირი დაზარალებულად ცნოს. საქმე ეხება, რუსთავის ციხიდან გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ეპიზოდებს. დაზარალებულად ცნობის შესახებ ირაკლი შოთაძის უწყებას მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველებმა რამდენიმე დღის წინ მიმართეს.
ამ დრომდე უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა იუსტიციის სამინისტრო სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის მომზადებულ ახალ დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდომარეობის შესახებ. სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა, აქვს წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ანემია და პოსტტრავმული, ნერვული აშლილობა. კონსილიუმის დასკვნის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულის მედიკამენტურ მკურნალობას დაემატოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ დამატებითი კვლევების თვალსაზრისით, სააკაშვილს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრამა უნდა ჩაუტარდეს და დაავადების პროგრესირების შემთხვევაში გაგრძელდეს მკურნალობა შესაბამისი კვლევებით.