„ცრუ ხელისუფლების ცრუ დაპირებებს აღარ მოვისმენთ“ – გლოვის დღეები სანატორიუმ ქართლში | 18.01.2022

ყოფილ სანატორიუმ “ქართლში” გლოვის დღეებია.  ჯერჯერობით უცნობია როდის დაკრძალავენ, 52 წლის  ზურაბ ქირიას, რომელმაც პროტესტის ნიშნად, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები, მისი მეუღლისა და შვილის დაბრუნებას ელოდებიან, რომელებიც ემიგრაციაში არიან.  მეზობლები ხელისუფლების მხრიდან გარდაცვლილი მამაკაცის დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობენ.

სანახევროდ დანგრეულ შენობაში გუშინ ღამით ჭერზე ახალი ნაპრალები გაჩნდა. ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში კი ჭერი ჩამოინგრა.  სახლის ნგრევის ფონზე, დევნილებისთვის ისევ მიუღებელია, ჯანდაცვის სამინიტრის მიერ  შეთავაზებული, შენობიდან განსახლების პირობები. ამბობენ, რომ ცრუ ხელისუფლების ცრუ დაპირებებს აღარ მოისმენენ. მათივე თქმით,  52 წლის მამაკაცის სიცოცხლე სწორედ ხელისუფლების ცრუ დაპირებებმა და უყურადღებობამ შეიწირა.   სანატორიუმ “ქართლის” მაცხოვრებლები ზურაბ ქირიას  დაკრძალვის შემდეგ აქციებს აანონსებენ.

სანატორიუმ “ქართლის”  შენობაში მცხოვრებმა 52 წლის მამაკაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა. ის , ისევე როგორც სანატორიუმის შენობაში მცხოვრები ათობით ოჯახი,  ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს ითხოვდა.  ჯანდაცვის სამინისტრო დევნილებს 1 წლის განმავლობაში ქირის გადახდას, შემდეგ კი მათთვის საცხვორებელი ფართების გადაცემას პირდება. თუმცა ეს დაპირება დევნილებისთვის მიუღებელია.