ქვეყანაში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. 24 საათში ვირუსით ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა | 18.01.2022

ქვეყანაში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გასულ დღე-ღამეში ვირუსით ინფიცირების ანტირეკორდი  დაფიქსირდა. 7521 ახალი ინფიცირებული და  31 გარდაცვლილი.  ასეთია ბოლო 24  საათის განახლებული კოვიდსტატისტიკა. ყოველდღიურად მატულობს ვირუსის ახალი შტამის შემთხვევებიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად ომიკრონის 1254  შემთხვევა ფიქსირდება.

საფრთხე, რომ ქვეყანაში ჰოსპოტალური სექტორს პრობლემები შეექმნება ჯერ არ არსებობს.  ურთულესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ  ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაზრდილი არ არის, რასაც ომიკრონის მსუბუქი მიმდინარეობით ხსნიან. თამარ გაბუნიას განმარტებით, ვაქცინირებულ პირებში ომიკრონი, მსუბუქად მიმდინარეობს და ინფიცირებული პირების ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ დგება.

ჰოსპიტალური სექტორის პრობლემები ჯერჯერობით არ დგას, თუმცა უკვე თითქმის სრულად დატვირთულია ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა.  ირკვევა, რომ ინფიცირების შემთხვევბმა განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში იმატა.  მხოლოდ გუშინ, კლინიკას 35-მა პაციენტმა მიმართა, მაშინ როცა საშუალო მიმართვიანობა დღეში 7-8 პაციენტს შეადგენდა.

გახდება თუ არა ომიკრონის სახელით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი  ორწლიანი პანდემიის დასასრული ჯერჯერობით უცნობია. ეპიდემიოლოგებს ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ომიკრონის სწრაფი გავრცელება  მოსახლეობაში იმუნიტეტს შექმნის, რაც პანდემიის დასრულების ერთ-ერთი წინაპირობაა.