ულტიმატუმის ვადა ამოიწურულია – 400-მდე სოციალური აგენტი გაიფიცა | 17.01.2022

400-მდე სოციალური აგენტი დღეიდან გაფიცვას აცხადებს და სამსახურში წასვლას არ აპირებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციებიც დაიწყეს. ამბობენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცულები ხელფასების 100%-იან მატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პროტესტს დღეს ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და ის პოლიტიკოსები შეუერთდნენ, რომლებიც უკვე წლებია ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. მათი თქმით, სოციალური აგენტების პროტესტი სამართლიანია, ვინაიდან გაძვირებული ცხოვრების ფონზე, ისინი უკვე წლებია  მიზერულ ხელფასზე მუშაობენ.

თბილისის გარდა სოციალური აგენტები გაიფიცნენ რეგიონებშიც. “აღარ შევეგუებით 2007 წლის ხელფასებს 2022 წელს” – ამ გზავნილით პროტესტის უკიდურეს ფორმას სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა ასობით ადამიანმა მიმართა. ამბობენ, რომ არსებული ხელფასები მათ საარსებოთ აღარ ჰყოფნით.

სოციალური აგენტების პროტესტს დღეს პირველად გამოეხმაურა ჯანდაცვის ახალი მინისტრი. ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ სამინისტრომ ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ზოგ შემთხვევაში 60%-ით, რაც მისი თქმით დატვირთულობიდან გამომდინარე ადეკვატურია.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ხელფასები თებერვლიდან გაეზრდებათ, თუმცა მატება არა 100%-ით, არამედ 40-დან 60%-მდე იგეგმება, რაც თავად დასაქმებულებისთვის მიუღებელია.  სოციალური აგენტები უწყებას მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.