სწავლების ფორმასთან დაკავშირებით მშობლებს კვლავ შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ. რთული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრო მზად არის, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში გარკვეული შეზღუდვები აამოქმედოს. ამ ეტაპზე, პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73 პროცენტი ვაქცინირებულია. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, უწყების ცნობით, მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 11% დისტანციური სწავლის რეჟიმზეა.
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ დღეს მობილიზებული საწოლების რაოდენობა სრულიად საკმარისია. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, დელტა შტამის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ომიკრონი კი საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები მნიშვნელოვნადაა შემცირებული. მინისტრი რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს.
დღეიდან, იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები მცირდება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო. მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა 8 დღე იქნება. იზოლაციის ვადები მცირდება კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისთვისაც. ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, იზოლაციის პერიოდი 5 დღემდე შემცირდეს.
საქართველოში კორონავირუსის 3 656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში დაფიქსირდა გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 481 პირი ემსხვერპლა.