როგორ დაკომპლექტდება და ვინ უხელმძღვანელებს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას? | 14.01.2022

როგორ დაკომპლექტდება და ვინ უხელმძღვანელებს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას – პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრება დღეიდან დაიწყო. თავმჯდომარედ 4 პირია წარდგენილი – თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე, გიორგი შაიშმელაშვილი და მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი. შესარჩევი კომისიის წევრებმა დღეს თავმჯდომარეობის მსურველთა ოთხივე კანდიდატს მოუსმინეს. თითოეულმა მათგანმა საარჩევნო ადმინისტრაციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. ცესკოს მოქმედმა თავჯმჯდომარემ, მისი 5-თვიანი მუშაობის პერიოდი დადებითად შეაფასა და თქვა, რომ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები მაღალი სტანდარტით, თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. ერთადერთი, ვინც ცენტრალური საარჩევნო კომიის მიმართ კრიტიკული იყო, არასამთავრობო ორგანიზაცია “20/20”-ის ხელმძღვანელი, თენგო თევზაძეა. ის პირდაპირ ამბობს, რომ ცესკოში აუცილებელია განახლება, რადგან ძველი კადრებით ეს უწყება ნდობას ვერ მოიპოვებს.

საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და წევრობის კანდიტატების შერჩევის პროცესს აკრიტიკებს ოპოზიცია. მათი განცხადებით, პროცესი ფორმალურია და საბოლოოდ მაინც ისეთი კანდიდატები შეირჩევიან, რომლებიც მმართველი პარტიის მხარდაჭერით სარგებლობენ. ექნება თუ არა გიორგი კალანდარიშვილს ოპოზიციის მხარდაჭერა ჯერ-ჯერობით უცნობია. „მოქალაქეების“ და „გირჩის“ წევრები ამ საკითხზე პარტიების შიგნით კონსულტაციების გამართვას  გეგმავენ.

გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა მოსწონთ მმართველ პარტიაში. ამბობენ, რომ კალანდარიშვილს კარგი წინაპირობა აქვს იმისათვის, რომ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დაამტკიცონ. მათი თქმით, ცესკოს მოქმედმა თავჯმდომარემ საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა როგორც თანამდებობაზე არჩევის დროს, ასევე მის მიერ ჩატარებული არჩევნების მართვით. „ქართულ ოცნებაში“ მოლოდინი არ აქვთ, რომ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას ოპოზიცია მხარს დაუჭერს.

გიორგი კალანდარიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მას შემდეგ აირჩიეს, რაც ეს თანამდებობა თამარ ჟვანიამ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა არ დაუჭირა, საარჩევნო კოდექსის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით კალანდარიშვილი 6 თვის ვადით აირიეს. მას უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება. მას შემდეგ, რაც კომისია ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს შეისწავლის და შეარჩევს, სია პრეზიდენტს გადაეცემა, რომელიც მას დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.