მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, ოპოზიციონერ ლიდერებს და ბიზნესმენს ავთანდილ წერეთელს 7 წლით პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ. გახმაურებულ საქმეზე სასამართლომ ფულის გათეთრება ვერ დაადგინა. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლიდან თაღლითობის მუხლზე გადაკვალიფიცირდა, ხოლო ავთანდილ წერეთლის ბრალდება ფულის გათეთრებაში მონაწილეობიდან თაღლითობაში მონაწილეობაზე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.
სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც 3 წელი ელოდნენ, “ლელოს” ლიდერებმა პარტიის ოფისში, ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად მოისმინეს. განაჩენის გამოცხადებამდე “თიბისი ბანკის” დამფუძნებლები დაკავებას არ გამორიცხავდნენ, თუმცა მათთვის გადაწყვეტილება მაინც მიუღებელი აღმოჩნდა. ამბობენ, რომ მოსამართლის გაადწყვეტილება უსამართლოა, რადგან დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. სწორედ ამიტომ ოპოზიციონერი ლიდერები სამართლებრივი დავის გაგრძელებას აანონსებენ.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში კიდევ ერთმა ბრალდებულმა სასამართლოს გადაწყვეტილება “ტვ პირველში” მოისმინა. ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი და მისი შვილი “ტვ პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. ჯგუფურად 17 მილიონამდე ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ. რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს,პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა. ბრალდებულები წლებია საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბრალდებულის სკამზე, პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით აღმოჩნდნენ.