„ივანიშვილის სამართლებრივი თაღლითობა“ – ოპოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის განაჩენზე | 12.01.2022

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასჯელს გადაურჩნენ, თუმცა ოპოზიციური პარტიები თვლიან, რომ ამით პოლიტიკური ოპონენტების დევნა არ დასრულებულა და ვიდრე ქვეყანას “ქართული ოცნება” მართავს, პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემა ისევ დღის წესრიგში იქნება. ოპოზიციის შეფასებით საქმე რომელიც საქალაქო სასამართლოში 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, იყო ივანიშვილის სამართლებრივი თაღლითობა, რაც ბიზნესმენებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას, პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებას და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას ემსახურებოდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზარაძე-ჯაფარიძის თანაგუნდელებმა და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დღეს “ლელოს” ოფისში მოისმინეს. ოპოზიციისთვის დღევანდელი განაჩენით დადასტურდა, რომ სასამართლოში არა ხაზარაძე, ჯაფარიძე ან წერეთელი, არამედ ანაკლიის პორტის პროექტი გასამართლდა. პოლიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ სამართლებრივი ფარსი ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მასშტაბური საერთაშორისო პროექტის ჩასაძირად წამოიწყო.

“ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით პოლიტიკური ოპონენტების დევნასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს საფუძველი გამოეცალა. მათი ტქმით სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინიდეს, ვინაიდან მოსამართლეს პროკურატურისგან განსხვავებული პოზიცია მხოლოდ საქმის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება მოეხსნათ, ისინი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. ახლა ყველა მათგანის მთავარი მიზანი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა,  პოლიტიკური ცვლილებები და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაა.