დაადებენ თუ არა ხელბორკილებს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს – მოსამართლე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს | 11.01.2022

ხვალ მოსამართლე მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს  განაჩენს გამოუტანს.  დაადებენ თუ არა ბორკილებს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლოს დარბაზში-საბოლოო სიტყვა მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა თქვას.

განაჩენის მოლოდინში მყოფი  ოპოზიციონერი ლიდერების საბოლოო სხდომა დღეს  ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.  ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული, მამუკა ხაზარაძე მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. დაპირისპირება მას  შემდეგ დაიწყო, რაც ბრალდებულები პროკურორის რეპლიკით გაღიზიანდნენ.  ხაზარაძემ გადამწყვეტი  სასამართლო პროცესი  მანდატურების თანხლებით დატოვა.

სასამართლოს დარბაზიდან გაძევებული მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ მოგვიანებით საქმის განხილვაზე კვლავ დააბრუნა. გიორგი არევაძემ ბრალდებულს საბოლოო სიტყვით სარგებლობის ნება დართო. ვრცელი  სიტყვით ხაზარაძე შეეცადა მოსამართლე დაერწმუნებინა, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმე ფარსია. პარტია “ლელოს” ლიდერი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებამ მის წინააღმდეგ  სამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, პოლიტიკური განაცხადი გააკეთა. “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ განსასჯელის სკამზე, პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით აღმოჩნდა.

დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა ბადრი ჯაფარიძემაც. მამუკა ხაზარაძის ბიზნესპარტნიორი და პოლიტიკური თანაგუნდელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.  ჯაფარიძე განმარტავს, რომ საქმეს, რომელიც მათ წინააღმდეგ აღიძრა – დაზარალებული არ ჰყავს. ბრალს არც “ტვ პირველის” დამფუძნებელი აღიარებს.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები უკვე თითქმის 3 წელია მიმდინარეობს. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის მიმართ  გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ყველა მტკიცებულება არსებობს.

სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ თავად ბრალდებულებს.   ამბობენ, რომ  ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში პოლიტიკურ ბრძოლას გააგრძელებენ. დაცვის მხარე განმარტავს, რომ ხვალ სასამართლოს მნიშვნელოვანი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

ჯგუფურად 17 მილიონამდე ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ. რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ბრალდებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.