ახლა უნდა ვიმუშაოთ – საქმე, საქმე და საქმე – ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე | 10.01.2022

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კომპანია “ფაიზერს” მედიკამენტები უკვე დაუკვეთეს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია როდის და რა რაოდენობით წამალი შემოვა ქვეყანაში. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დამატებით დეტალებზე ხვალ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ. პრემიერმა ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დაწყებულია ინფიცირების მორიგი ტალღის აღმასვლა, რაც სადღესასწაულო დღეებში გაზრდილ მობილობას უკავშირდება. მთავრობის მეთაური მოქალაქეებს ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდების მიზნით აცრისკენ მოუწოდებს.

2022 წელს საქართველოს მთავრობა არჩევნების დღის წესრიგიდან საქმის კეთებაზე გადადის. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ წელს მთავარი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა იქნება. როგორც პრემიერი ამბობს, მისი ინიციატივით უკვე დაიწყო საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნაზე მუშაობა, რისთვისაც ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმატებული მაგალითები დაამუშავეს.

დღესვე, პრემიერ-მინისტრმა მედიკამენტებზე ფასების კლებაც დააანონსა. ირაკლი ღარიბავშილის თქმით  მთავრობა თურქეთის ბაზრის გახსნას და საქართველოში მედიკამენტების შემოტანას გეგმავს, რაც პრემიერის პროგნოზით მედიკამენტებზე ფასებს გააიაფებს.  დღესვე მთავრობის მეთაურმა 2021 წლის ეკონომიკური შედეგებიც შეაჯამა. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს, რაც თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტია.

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა და ათობით ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ვითარების საბოლოო დეესკალაციისთვის და სტაბილურობის მიღწევისთვის ყველა ზომა იქნება მიღებული. პრემიერმა ყაზახეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საელჩო მათთან აქტიურ კომუნიკაციას აგრძელებს და ისინი საქართველოში დაბრუნებას უახლოეს დღეებში შეძლებენ.