დავით ნარმანიას დიდი ხნით მოუწევს დასვენება ციხის საკანში – ლეიბორისტების აქცია სემეკთან | 06.01.2022

ხმაური იყო დღეს  სემეკთან, სადაც “ლეიბორისტული პარტიის” წევრები შეიკრიბნენ და გაზრდილი  კომუნალური გადასახადების გამო,  დავით ნარმანიასთან შეხვედრა მოითხოვეს.  პარტიის წევრებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის   ხელმძღვანელისაგან განმარტებების მოსმენა სურდათ, თუ რატომ მიუვიდა მოსახლოებას გაორმაგებული და გასამმაგებული გადასახადები.

მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს დღეს დავით ნარმანია არ შეხვდა. სემეკმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ელექტროენერგიის, გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ  პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, პოლიტიკური ინტერესების გამო, საზოგადოების შეცდომაში შეიყვანონ.

2022 წლის 1 იანვრიდან მოსახლეობის დიდი ნაწილს, ვინც 300 კილოვატ საათამდე დენს მოიხმარდა, ელექტროენერგიის გადასახადი ეზრდება. საუბარია მოსახლეობის 95 პროცენტზე.  ტარიფები, ოფიციალურად, 2022 წლის 1 იანვრიდან არ გაზრდილა. სემეკმა  დენის გაძვირების გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერში მიიღო. გაზრდილი საფასური მოსახლეობას 2021 წლის 1 იანვრიდან უნდა გადაეხადა, თუმცა 2021 წელს  მთავრობამ ბიუჯეტიდან გაზრდილი გადასახადის სუბსიდირება გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც სუბსიდირების პროგრამა დასრულდა, თბილისა და რეგიონებში  დენის საფასური გაიზარდა.