არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო მიმართვა სალომე ზურაბიშვილს | 05.01.2022

დაადებს თუ არა ვეტოს საქართველოს პრეზიდენტი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტს – 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ სალომე ზურაბიშვილს  დღეს საგანგებო მიმართვა გაუგზავნა  და კანონპროექტზე ვეტოს უფლების გამოყენება სთხოვა. სამოქალაქო სექტორი თვლის, რომ “ქართულ ოცნებას” უფლება არ უნდა მიეცეს,  ერთადერთი დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება გააუქმოს. მათი  შეფასებით, მმართველი პარტიის  მიერ მიღებული გადაწყვეტილება,  არაკონსტიტუციურია  და  დემოკრატიას  უკიდურესად აზიანებს.

“ადგილობრივი სამოქალაქო  ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ, ყოველგვარი დასაბუთების თუ შესაბამისი აქტორების და თავად სახელმწიფო ინსპექტორის ჩართულობის გარეშე, არაკონსტიტუციური და ქართული დემოკრატიისთვის უკიდურესად დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო. მისასალმებელი იყო პრეზიდენტის წინასწარი შეფასება, რომ მისთვის დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა მიუღებელია. პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოსმ ოუწოდა, შეეწყვიტა ცვლილებების განხილვა და ყველასთვის მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა საკუთარი არგუმენტები. ხელმომწერი ორგანიზაციები, მოვუწოდებთ პრეზიდენტს: გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური უფლებამოსილება და ვეტო დაადოს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი, მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს პარლამენტს,” – არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა პრეზიდენტს.

ახალწლამმდე ერთი დღით ადრე საქართველოს პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომელთაც სახელმწიფოს ინსპექტორის სამსახური, მოქმედი ფორმით უქმდება და ორი ახალი სამსახური იქმნება. ამ გადაწყვეტილების გამო, “ქართული  ოცნება” მწვავედ გააკრიტიკეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირმა. პარტნიორები თვლიან, რომ მმართველი ძალა, ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ გადაწყვეტილებებს იღებს.