2022 წელს მსოფლიო ისევ კოვიდ პანდემიის ფონზე ხვდება, თუმცა ქვეყნები მომავალი წლის დადგომას მაინც იზეიმებენ. „ომიკრონის“ გამო, საახალწლო ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი კოვიდ შეზღუდვებით გაიმართება. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ახალი წლის დადგომა უკვე იზეიმეს, მათ შორის ავსტრალიაში. სიდნეის სანაპიროზე შეკრებილები ტრადიციულად შთამბეჭდავი სანახაობის მომსწრენი გახდნენ. გრანდიოზული და ფერადი ფოიერვერკი 12 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ლაზერების შოუა დაგეგმილი დუბაიშიც. ბურჯ ხალიფას ცათამბრჯენი წელსაც სხვადასხვა ფერებით განათდება.
საახალწლო ღონისძიებები ზოგიერთ ქვეყანაში წესების მკაცრი დაცვით გაიართება. მაგალითად ნიუ იორკში წლის მთავარ მოვლენას – ბროლის ბურთის დაშვებას და წამების ათვლას მოქალაქეები შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან. ხელისუფლების გადაწყვეტილებით თაიმს სქუერზე საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებულები შეძლებენ.
კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის გამო ზოგიერთმა ქვეყანამ ახალი შეზღუდვებიც დააწესა. წელს ახალი წლის დადგომასთან ერთად ლონდონში, პარიზში, ციურიხში, ბრიუსელში, რომსა და ვარშავაში საახალწლო ფოიერვერკს არ გაუშვებენ, არ გაიმართება მასშტაბური კონცერტებიც.
დიდმა ბრიტანეთმა წელს ფოიერვერკზე და ტრადიციულ ღონისძიებებზე უარი თქვა, თუმცა მოქალაქეებს 2022 წლის შემოსვლას ისევ ბიგ-ბენი ამცნობს.