“საქართველოს ხელისუფლების ასეთ ქმედებებს მივიჩნევ, როგორც წამებას და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების შელახვას,”– ასე შეაფასა უკრაინის სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება გორიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ლუდმილა დენისოვა საგანგებო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მომხდარი წამება და შტამბეჭდავი ცინიზმია. დენისოვა საქართველოს სახალხო დამცველს მოუწოდებს, სასწრაფოდ მოინახულოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში და შეამოწმოს, ირღვევა თუ არა მისი უფლებები.
“გაბრაზებული ვარ უკრაინის მოქალაქის, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის გამო. გასაოცარია ის ცინიზმი, რომლითაც ეს გაკეთდა. ავადმყოფი სააკაშვილი ღამით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, წაიყვანეს ადვოკატების გაფრთხილების გარეშე. მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება წარმოადგენს პატიმართა მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესების 22-ე მუხლის დარღვევას, რომელიც მოითხოვს ავადმყოფი პატიმრების გადაყვანას სპეციალურ დაწესებულებებში, ან სამოქალაქო საავადმყოფოებში. სამედიცინო დახმარების არგაწევა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად, თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის გარანტირებულ ნორმებს. საქართველოს ხელისუფლების ასეთ ქმედებებს მივიჩნევ, როგორც წამებას და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების შელახვას, მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა შეამოწმოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მათ შორის საავადმყოფოდან გაწერის დროს. ვთხოვ უკრაინის ელჩს საქართველოში, გაუწიოს საკონსულო დახმარება მიხეილ სააკაშვილს. მოვუწოდებ უცხო სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მკაცრად დაგმონ საქართველოს რესპუბლიკის ოფიციალური პირების ქმედებები, რომლებიც არღვევენ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, უფლებებს და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან მისი უფლებების აღდგენას,” – უკრაინის სახალხო დამცველის განცხადება.