გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გასაიდუმლოებული ეტაპირების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ისევ რუსთავის ციხეშია. ადვოკატების ინფორმაციით, გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის დროს მიხეილ სააკაშვილზე ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და უჭირს კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ნიკა გვარამია მუქარის ფაქტზე საუბრობს და ამბობს, რომ სააკაშვილი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ექსპრეზიდენტის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ გლდანის ციხეში გადაყვანის მუქარა წამების გაგრძელებაა. უფლებადამცველებს აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ისევ გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მესამე პრეზიდენტმა ამაზე “გაფრთხილება” უკვე მიიღო.
რუსთავის ციხესთან დილიდან ადგილზე მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და მხარდამჭერები იმყოფებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში დაბრუნებით, ბიძინა ივანიშვილმა საახალწლო საჩუქარი ვლადიმერ პუტინს გაუკეთა. ამბობენ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანური, წამებასთან გათანაბრებული მიდგომა გრძელდება.
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გუშინ გვიან ღამით მოულოდნელად გადაიყვანეს. ექსპრეზიდენტის გარემოცვაში არ გამორიცხავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაახლებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისთვის 28 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს, ბრეგაძემ უპასუხა, რომ არსებული სტანდარტით, რომელიც ყველაზე ვრცელდება, ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, პატიმარი გადაჰყავთ გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში და მიხეილ სააკაშვილსაც იქ გადაიყვანენ, რადგან გამონაკლისი არავინაა.