გადაწყვეტილება მიღებულია, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მხარი დაუჭირა. “ქართული ოცნების” დეპუტატებმა საკანონმდებლო პაკეტი ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე, ერთპარტიულად მიიღეს. შედეგად მომავალი წლის 1 მარტიდან ინსპექტორის სამსახური გაუქმდება. მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მიუღებელია ოპოზიციისთვის. მათი შეფასებით, ეს არის სახელმწიფო ინსპექტორის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება და საკანონმდებლო პაკეტის მიზანიც სწორედ ლონდა თოლორაიას სახლში გაშვება იყო.
მმართველი გუნდის დეპუტატები კი ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად გაყოფა ლონდა თოლორაიას გათავისუფლებასთან კავშირში არ არის. მათი თქმით, ახალი კანონის საფუძველზე იქმნება ორი დამოუკიდებელი უწყება, რომლებიც ადამიანის უფლებებს უკეთ დაიცავენ. თუმცა განხილვების დროს “ქართული ოცნების” ლიდერებმა ვერ უპასუხეს ოპოზიციის შეკითხვას, რა კონკრეტული პრობლემები არსებობდა სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურში, რომლის საქმიანობასაც “ოცნების” გარდა ყველა წარმატებულად აფასებს.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2022 წლის 1 მარტიდან უქმდება. მის ნაცვლად კი ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ჩამოყალიბდება, მათ შორის ერთი საგამოძიებო, მეორე კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით იმუშავებს. რა ელის 120 ადამიანს, რომლებიც სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურში არიან დასაქმებულნი უცნობია.