სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე გაკეთებული საგანგებო განცხადების შემდეგ, ამერიკის ელჩი “ქართული ოცნების ლიდერებს” დღეს პირად შეხვდა. კელი დეგნანი, ანრი ოხანაშვილს და მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა , რის შემდეგაც საკითხზე შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა. ელჩის თქმით, კითხვები აქვს ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებასთან და უწყების თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ელჩი უკმაყოფილებას გამოხატავს, საერთო სასამრთლოების თემას ეხება.
“ჩვენ ვაფასებთ კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრის შესაძლებლობას. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ მუხლზე, რომელიც სამსახურის ყველა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნას ითვალისწინებს. გვქონდა კითხვები ამ პროცესის დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობაზე. ამ საკითხებზე ვისაუბრეთ შეხვედრაზე, მათ გვიპასუხეს შეკითხვაზე და ვფიქრობ, ჩაინიშნეს ჩვენი შენიშვნები. კომიტეტების თავმჯდომარეებთან ასევე ვისაუბრე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებაზეც და შეშფოთება გამოვთქვი პროცესის ნაჩქარევად წარმართვის გამო. მოვუწოდებ პარლამენტს, პროცესი იყოს უფრო ფართო და ინკლუზიური, სადაც ჩართული იქნება სხვადასხვა ექსპერტი და დაინტერესებული მხარე,” – განაცხადა კელი დეგნანმა.