ხელისუფლება სახელმწიფო ინსეპქეტორის სამსახურს აუქმებს და 100-ზე მეტ თანამშრომელს სახლში უშვებს | 27.12.2021

ხელისუფლება სახელმწიფო ინსეპქეტორის სამსახურს აუქმებს და უწყების 100-ზე მეტ თანამშრომელს სახლში უშვებს. “საშიში პრეცენდენტი და კანონის სახელით  შენიღბული უსამართლობა” – ასე აფასებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია. ის  დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება ინსპექტორის სამსახურს ბოლო დროს მიღებული  დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების გამო სჯის.

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაში “ქართული ოცნების”  ინტერესს ხედავს არასამთავრობო სექტორი. ისინი  პირდაპირ ამბობენ, რომ ისპექტორი სამსახური მისი  დამოუკიდებლობისთვის ისჯება. მათივე  თქმით, ხელისუფლების ქმედება საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ემსახურება ერთადერთ მიზანს – ქვეყანაში დამოუკიდებელი უწყება აღარ არსებობდეს.

არასამთავრობო სექტორს შეფასებებში ეთანხმევა ოპოზიციაც. ამბობენ, რომ ეს არის გზავნილი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ ისინი საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის დაისჯებიან. ხელისუფლების ოპონენტები  ითხოვენ, შეჩერდეს კანონპროექტის განხილვა, მასში თავად ინსპექტორის სამსახური ჩაერთოს და ყველა ტიპის რესტრუქტურიზაცია მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდეს, რაც მოქმედ ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას ვადა ამოეწურება.

მაშინ, როდესაც ოპოზიცია და არასამათავრობო სექტორი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს, „ქართული ოცნების“ ლიდერები ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდს პოლიტიკური ინტერესი არ აქვს.  განმარტავენ, რომ ინსპექტორის სამსახურს კი არ აუქმებენ, არამედ ორი სამსახურით ანაცვლებენ. მათივე თქმით,  არ შეიძლება პერსონალური ინფორმაციის  დაცვისა და  გამოძიების ფუნქციას  ერთი უწყება ითავსებდეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წელს თავად “ქართულმა ოცნებამ” ევროპელი პარტნიორების მოთხოვნით ჩამოაყალიბა. 25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. საზოგადოების ნაწილმა  ეს გადაწყვეტილებამ ინსპექტორის სამსახურის მიერ,  მიხეილ სააკაშვილის მიმართ,  შესაძლო არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას დაუკავშირა. უწყებამ უკვე ჩაატარა მოკვლევა იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობრივად გადაყვანის კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მოკვლევის შემდეგ, კი იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორმა უწყებებს კადრების წაშლაც  დაავალა.