ისტორიული შეხვედრა გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები მიხეილ სააკაშვილის პალატაში ერთმანეთის 3 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. ერთ დროს სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღეგე დღეს ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინის პატიმარია. გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, საუბარი ეხებოდა ურთულეს გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რომელიც ახლა საქართველოს წინაშე დგას და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავარსარდლების პოზიცია.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა შიდა დაპირისპირების ტემპერატურის დასაწევად მისასალმებელია. ამბობს, რომ ბუნებრივი იქნებოდა შემდეგი შეხვედრა სამივე პრეზიდენტის მონაწილეობით შედგეს.
“ზურაბიშვილმა და მარგვგელაშვილმა შეიძლება შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია” – ასეთია დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი.
ოპოზიცია ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრას მიესალმება. ამბობენ, რომ ახლა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, აუცილებელია პროცესში მოქმედი პრეზიდენტიც ჩაერთოს და ზურაბიშვილი – გიორგი მარგველაშვილს და მიხეილ სააკაშვილს პირისპირ შეხვდეს.
გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით პენიტენციურ დაწესებულებას თავად მიმართა. ინიციატივას წინ უსწრებდა გასაიდუმლოებული შეხვედრა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან. ამ დრომდე უცნობია დათანხმდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც სამ პრეზიდენტს შორის შეხვედრას ეხება.