“ომიკრონის” გავრცელებასთან ერთად, ისევ დაბალი რჩება ვაქცინირებულთა რაოდენობა | 24.12.2021

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ რთულია. ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 78 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 13 367-ს მიაღწია. იზრდება ინფიცირებულთა რიცხვიც. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 1976 ადამიანს გამოუვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი უკვე 920 617-ია. ომიკრონის შტამის გავრცელებასთან ერთად ისევ დაბალი რჩება ვაქცინირებულთა რაოდენობა. ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე ერთი დოზით 1 270 663 ადამიანია აცრილი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 44.2%-ია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ვინაიდან მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან ომიკრონის მასობრივად გავრცელების შემთხვევაში, დღიური ინფიცირების რიცხვმა 15 000 – ს მიაღწიოს.