“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გაშლილ კარვებში 200-ზე მეტი ადამიანი შიმშილობას აგრძელებს | 24.12.2021

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გაშლილ კარვებში 200-ზე მეტი ადამიანი შიმშილობას აგრძელებს. პროტესტის უკიდურეს ფორმას  პარტიის თავმჯდომარესთან ერთად ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმაც მიმართეს. აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც, რისთვისაც ადგილზე დამატებითი კარვები დაიდგა. მოშიმშილეები ამბობენ, რომ შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მოშიმშილეთა  ნაწილს უკვე ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, თუმცა ტერიტორიაზე ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო დახმარების არცერთი ბრიგადა არაა გამოყოფილი.  დღეს მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად ანზორ მელიაც მივიდა. ამბობს, რომ მაშინ როდესაც მისი შვილი და ასევე კოლეგები შიმშილობენ, სამსახურში მშვიდად ჯდომის უფლება არ აქვს.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მოშიმშილეების მიმართ სოლიდარულია. ამბობენ, რომ პროტესტი შედეგიანი იქნება და ისეთ პოლიტიკურ პროცესს შექმნის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დათმობებზე წასვლას აიძულებს. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, პოლიტიკური ბრძოლის გარეშე „ქართული ოცნების“ რეჟიმთან ურთიერთობა შეუძლებელია.

„ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შიმშილობის გამოცხადებით პრეზიდენტს აშანტაჟებს და ფაქტობრივად, უარს ამბობს შერიგების პროცესზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და აქტივისტებმა შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას “ინსტრუქტაჟისა” და “მუქარის” შემდეგ დაიწყეს.

მასობრივი საპროტესტო შიმშილობის აქცია მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ 21 დეკემბერს დაიწყო. გადაწყვეტილება პარტიის ლიდერმა რუსთაველის გამზირზე  გამართულ აქციაზე,  სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა. ნიკა მელიამ თქვა, რომ  ოპოზიცია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვეობაში ყოფნას არ შეეგუება და იშიმშილებს იქამდე ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.