ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება თბილისის საკრებულოში – ოპოზიცია გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებს. ირკვევა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდასთან ერთად, ორმაგდება დასუფთავების სამსახურის გადასახადიც. ფასების ზრდა ამ ეტაპზე მხოლოდ იურიდიულ პირებს შეეხებათ, თუმცა ოპოზიციის შეფასებით ეს ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს, პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება. ურბანული კომისიის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თბილისში ტრანსპორტის გაძვირებაც გააპროტესტეს. მათი თქმით, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ისედაც მძიმეა და მოქალაქეები გაზრდილი ტარიფების გადახდას ვერ შეძლებენ.
დასუფთავების სამსახურის გადასახადის გაზრდასთან ერთად, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ძვირდება ტრანსპირტიც. მომავალი წლიდან მოქალაქეებისთვის სააბონიმენტო სისტემა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, ერთჯერადი მგზავრობა 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი გახდება.
ტრანსპორტის გაძვირებასა და დასუფთავების გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს თბილისის მერიაში უსაფუძვლოს უწოდებენ. მერის მოადგილე განმარტავს, რომ ფასების ზრდა მოქალაქეებს არ ეხებათ და ის მხოლოდ ბიზნეს ობიექტებს უძვირდებათ.
1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება. ახლა უკვე მგზავრობა სააბონიმენტო სისტემით იქნება შესაძლებელი. თბილისის მერი ამბობს, რომ ტრანსპორტის ხშირი მომხმარებლისთვის მგზავრობა გაიაფდება, თუმცა ჩანს, რომ ეს ცვლილებები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მგზავრობას გაუძვირებს. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის გადასახადს, მოსაკრებელი ბიზნესსექტორისთვის პირველი იანვირდან გაორმაგდება.