“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 11 კარავია გაშლილი. მოთხოვნა ერთია – მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება. პროტესტის მონაწილეები მხარდამჭერებს დღეს რეგიონებიდანაც ელოდებიან. შიმშილობს თავად “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის სხვა ლიდერები, გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი და გიორგი ბოტკოველი. ამბობენ, რომ შედეგის მისაღწევად მშვიდობიანი არაძალადობრივი, უწყვეტი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ისტორიული უსამართლობა არ აღმოიფხვრება.
მასობრივი შიმშილობის ფაქტს ირონიით, ცინიზმითა და სიძულვილის ენით ეხმაურებიან მმართველ პარტიაში. „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის პროტესტის ასეთი ფორმის მიზეზი და მოტივი გაუგებარია და ოპოზიციის მორიგ პროვოკაციად აფასებენ. ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შიმშილობის გამოცხადებით პრეზიდენტს აშანტაჟებს და ფაქტობრივად, უარს ამბობს შერიგების პროცესზე. მმართველი პარტიის ლიდერები და დეპუტატები დღეს ერთხმად ამტკიცებენ, რომ შიმშილობის აქცია მიხეილ სააკაშვილის დაშინებითა და მოთხოვნითაა წამოწყებული და მესამე პრეზიდენტი ამით თავის მომხრეებს სჯის.
მასობრივი საპროტესტო შიმშილობის აქცია მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ გუშინ, მათივე პარტიის ოფისის ეზოში დაიწყო. გადაწყვეტილება პარტიის ლიდერმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ნიკა მელიას თქმით, ოპოზიცია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვეობაში ყოფნას არ ეგუება, რის გამოც პროტესტის უმწვავეს ფორმას მიმართავს. მისივე თქმით, შიმშილობის აქცია იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.