შექმნის თუ არა პრეზიდენტის ინიციატივა პოლიტიკური პოლარიზაციის დასასრულის შესაძლებლობას – გუშინ, სალომე ზურაბიშვილთან, საზეიმო მიღებას ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი დაესწრო. მათთვის მისაღებია გზავნილი, რომ ეროვნული შერიგების პროცესი წინაპირობის გარეშე უნდა დაიწყოს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლის დასასრულებლად, პრეზიდენტი ბევრად უფრო მეტის გაკეთებას აპირებს ვიდრე „ქართული ოცნება“. მათი ინფორმაციით ზურაბიშვილს სურს, რომ უახლოეს დღეებში პოლიტიკურ პარტიებს ინდივიდუალურად შეხვდეს და ამის შემდეგ უფრო გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გამართოს. ოპოზიცია თვლის, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, ეროვნული შერიგებისთვის კონკრეტული მოლაპარაკებები მალე უნდა დაიწყოს.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენმა ორბელიანების სასახლეში „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც მიიწვია, მათ ფორმატის გამო საახალწლო მიღებაზე მისვლაზე უარი თქვეს. ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, იმ ფონზე როცა ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება, მესამე პრეზიდენტი პატიმრობაშია, იჭერენ პოლიტიკურ ლიდერებსა და მედიამენეჯერებს, შერიგება ძალიან რთული იქნება. თუმცა, მათივე თქმით, საუბარი აუცილებლად უნდა დაიწყოს, რადგან ეს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილთან სამუშაო შეხვედრისთვის მზად არის და მომდევნო ნაბიჯებს ელოდება.
ორბელიანების სასახლეში გამართულ მიღებას, გუშინვე, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მრავალი წლის განმავლობაში პირველად მოისმინა “სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება”. სააკაშვილი ამბობს, რომ მშვიდობიანი პროტესტის პარალელურად, დიალოგის შეთავაზებას მიესალმება და მხარეეებს შორის მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა წინაპირობების გარეშე შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა, მმართველი გუნდი ისევ წინაპირობებს აყენებს. „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსი ერთია – პარტიის წევრები ამბობენ, რომ დესტრუქციული ოპოზიცია კონსტრუქციულ საუბარზე უნდა გადაერთოს, აღიაროს თავისი შეცდომები, გაიაზროს საკუთარი წარსული და საკანონმდებლო ორგანოში სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად აქტიური მუშაობა დაიწყოს.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, ორბელიანების სასახლეში წინასაახალწლო მიღებაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს “ეროვნული თანხმობის” მიღწევის მისი ხედვა გააცნო. პრეზიდენტმა შერიგების მნიშვნელობასა და პოლარიზაციის დასრულების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავს ვალდებულად თვლის, პრეზიდენტობის დარჩენილი 3 წლის განმავლობაში შერიგების პროცესი დაიწყოს. მისი თქმით, საზოგადოება ქვეყანაში არსებული პრობლემებით უკვე გადაღლილია და მოქალაქეები პერსპექტივას ვეღარ ხედავენ. ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ შერიგების პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა.