რუსეთი პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობს. საოკუიპაციო ხაზის მიღმა ამჯერად შესაძლოა ზემო რაჭის სოფლები აღმოჩნდეს. ოკუპანტების ახალ გეგმას და შესაბამის დოკუმენტაციას დავით ქაცარავა ასაჯაროებს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის ინფორმაციით, ოკუპანტები მავთულხლართების გავლებას 200 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე გეგმავენ, რომელიც ზემო რაჭიდან იწყება და თრუსოს ხეობით მთავრდება. დავით ქაცარავას ცნობით, გეგმა უკვე წარდგენილი და ფაქტობრივად დამტკიცებულია ე.წ სადელიმიტაციო კომისიის მიერ, რომელიც, მისივე თქმით, პრეზიდენტმა ბიბილოვმა შექმნა. საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო მმართველი აპრილში არჩევნებისთვის ემზადება. მისი მთავარი დაპირება კი სწორედ საქართველოს კოტროლირებადი ტერიტორიებიდან 200 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის მითვისებაა. შესაბამისად, ქაცარავა ვარაუდობს, რომ პროცესის გააქტიურება სწორედ ბიბილოვის წინასაარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული.