ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი გრძელდება. ევროპელი პარტნიორები დღეს ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციაზე იმსჯელებენ. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა, უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებაა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე უკვე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც საუბარია საქართველოზე. სუვერენიტეტისადმი ერთგულება, ასოცირებული ტრიოს ურთიერთობის გაძლიერება ევროკავშირთან და რეფორმების მხარდაჭერა – ეს ის საკითხებია, რომლებიც 22-გვერდიან დოკუმენტშია ხაზგასმული. ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ინიციატივას, გააღრმავონ თანამშრომლობა ორგანიზაციასთან მიესალმება.
აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია. პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა. შეხვედრა შედგა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთანაც. შეხვედრებზე ხაზი გაესვა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და მათი გაგრძელების მნიშვნელობას.
ბრიუსელში მიმდინარე შეხვედრებს და ევროპელი ლიდერების მიერ მიღებულ დეკლარაციას აფასებენ თბილისში. “ქართული ოცნების” შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში მხარდაჭერილია ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერმა ბრიუსელში მკვეთრი განცხადებები მოისმინა. მათი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოწოდება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაა. ასევე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა.