39 გარდაცვლილი და 3123 ინფიცირების ახალი შემთხვევა – ქვეყანაში არსებული კოვიდსტატისტიკა საგანგაშო ნიშნულს ინარჩუნებს. მძიმე ეპიდვითარების ფონზე მცირედით მოიმატა ვაქცინაციის ტემპმა. გასულ 24 საათში ვაქცინირებულთა მონაცემმა 11 161 შეადგინა. მძიმე ორწლიანი პანდემიის შემდეგ ეპიდემიოლოგები ახალ შტამთან ბრძოლისთვის ემზადებიან. ექიმები ომიკრონისგან თავდაცვის ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ ვაქცინაციას ასახელებენ. მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი ფიქრობს, რომ ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა შესაძლოა ომიკრონის შემოსვლისას სიტუაცია კიდევ უფრო გაართულოს. ამიტომ, ვირუსის ახალ ვარიანტთან დასახვედრად მოქალაქეებს კოვიდაცრებისა და ბუსტერ დოზების გაკეთებას ურჩევს.